ქედა

ყოველ წარმატებას საფუძველი სჭირდება!

ქედის რაიონში ჭადრაკი  პოპულარული სპორტის სახეობაა, დაბასა და ცალკეულ სოფლებში ამ ბრძნულ თამაშს ეთაყვანებიან და მომავალ თაობას გადასცემენ მის სიყვარულს.

სხვადასხვა დროს ქედის რაიონებში ჭადრაკის განვითარებაზე ზრუნავდნენ ენთუზიასტები: გივი დიასამიძე (სოფ.ცხმორისი), ავთანდილ მახაჭაძე (სოფ.ვაიო), ნოდარ თედორაძე (სოფ.წონიარისი), ვლადიმერ კონცელიძე ( სოფ. პირველი მაისი) და სხვები.

ქედაში ფუნქციონირებდა სხვადასხვა საჭადრაკო წრე:

გასული საუკუნის 70-იან წლებში ქედის პიონერთა სახლში საჭადრაკო წრეს დურმიშხან ბოლქვაძე ხელმძღვანელობდა.

1998-2012 წლებში  ქედას სასპორტო სკოლაში ჭადრაკის წრეს ხელმძღვანელობდა  ბადრი ბოლქვაძე.  მისი მოსწავლეები წარმატებულად ასპარეზობდნენ სხვადსხვა საჭადრაკო ტურნირებში. აჭარის პირველობებზე სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში პრიზიორები იყვნენ: ზაზა სირაბიძე, გიორგი ალიქაძე, დათო და რომან დიასამიძეები, ლაშა და ერეკლე ბერიძეები. ხოლო  2011 წელს თედო ბოლქვაძე 10 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში აჭარის ჩემპიონი გახდა.

2006 წელს მერისის საშუალო სკოლაში გაიხსნა ჭადრაკის წრე, რომელსაც ხელმძღვანელობდა ნიაზ ნაკაშიძე. მიუხედავად იმისა რომ  წრემ სულ 3 წელი იარსება  შედეგი მაინც  მოიტანა: მარიკა ბროლაძემ საქართველოს პირველობაზე 10 წლამდე გოგონათა შორის II ადგილი დაიკავა.

DSC 0017დღეისათვის ქედის რაიონში ორი საჭადრაკო  წრე ფუნქციონირებს:  პირველ მაისის -  ნესტან მახაჭაძის  და  წონიარისის  - ლია თედორაძის ხელმძღვანელობით.

2009 წლიდან ნესტან მახაჭაძე  ჭადრაკს ასწავლის აგრეთვე პირველ მაისის საჯარო სკოლის აღსაზრდელებს. ამ 4 წლის განმავლობაში პატარა მოჭადრაკეებმა კარგი შედეგები აჩვენეს სხვადსხვა შეჯიბრებებში. განსაკუთრებით თავი გამოიჩინა თამთა სალაძემ რომელმაც აჭარის პირველობაზე 14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის გაიმარჯვა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო საერთაშორისო ფესტივალზე "შავი ზღვის დელფინი" IIIსაპრიზო ადგილი დაიკავა.  წარმატებულები არიან აგრეთვე დიანა და თამუნა სალაძეებიც. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2010 წელს პირველი მაისის საჯარო სკოლამ აჭარის მასშტაბით პირველობა დაისაკუთრა.DSC 0051

იმ სოფლებში სადაც ჭადრაკი უყვართ და შენარჩუნებულია საჭადრაკო ტრადიციები, ვისურვებდით რომ უახლოეს მომავალში გაიხსნას  კიდევ უფრო მეტი  საჭადრაკო სექციები, წრეები,  მოხდეს მეტი მწვრთნელების მოზიდვა, პროფესიული გადამზადება და საჭადრაკო ინვენტარით უზრუნველყოფა, რათა  ქედელ ბავშვებს  შეექმნათ მეცადინეობისათვის სათანადო პირობები და გარემო.

საპასუხოდ ნორჩი მოჭადრაკეები კიდევ ბევრ წარმატებას და გამარჯვებას გვპირდებიან!

 

 

მასალა მოგვაწოდა ნესტან მახაჭაძემ