ხულო

ხულოში ჭადრაკს ყოველთვის ყავდა ბევრი მიმდევარი და ქომაგი. ხულოს საჭადრაკო ისტორია ათწლეულებს ითვლის და შორეულ წარსულს უკავშირდება, იმ დროს რეგიონს ყავდა ძლიერი მოჭადრაკეები:  პავლე მორჩილაძე, მურმან თავართქილაძე, ესმა ართმელაძე, ხოლო 1936 წელს სოფელ დიდაჭარიდან მივლენილ იქნა ისკენდერ წულუკიძე, რომელმაც ფრედ დაასრულა პარტია თვით მომავალ მსოფლიო ჩემპიონთან მიხეილ ბოტვინიკთან.

1985 წელს ხულოს სოფელ დიდაჭარაში აიგო ჭადრაკის მესვეურებისათვის  ხის სახლი, რომელიც ემსახურებოდა თაობების აღზრდას. მაგრამ გავიდა დრო და საჭადრაკო ცხოვრებამ თანდათან მიიძინა  და ბოლოს დავიწყებას მიეცა.

მიუხედავად ყველაფრისა  საჭადრაკო ნაპერწკალი ჩუმად ღვიოდა და ელოდა ერთი სულის შებერვას რომ ისევ ცეცხლად აგიზგიზებულიყო, ასეც მოხდა, დიდი პაუზის შემდეგ 2010 წელს მოჭადრაკე შუქრი შავაძემ ინიციატივა გამოიჩინა და დაარსა საჭადრაკო სკოლა "ნონა", განაახლა ხის მყუდრო ჭადრაკის სახლი და თავი მოუყარა პატარა მოჭდრაკეებს, არამარტო დიდაჭარადან არამედ მეზობელი სოფლებიდანაც. ბატონი შუქრი დღეს ხულოს რეგიონში ერთადერთი მწვრთნელია, რომელიც ცდილობს ხულოში ჭადრაკის აღორძინებას და ფართო მასებში ამ სპორტის სახეობისადმი ინტერესის გაღვიძებას. ატარებს რეგიონის შიდა პირველობებს, ყავს რაიონის ჩემპიონებიც და  სისტემატიურად ჩამოყავს წარჩინებულები ბათუმში აჭარის პირველობებზე. მის აღსაზრდელებს შორის გამოირჩევიან: სულიკო შავაძე, რომელმაც აჭარის ჩემპიონატზე IV ადგილი დაიკავა 16 წლამდე ასაკის ჭაბუკებს შორის, ხოლო 2012 წელს ქ. ფოთში გამართულ "საერთაშორისო ფესტივალზე ნანა ალექსანდრიას თასი -2012"  საუკეთესო 10 -ლში დაიკავა თავისი კუთვნილი ადგილი.  სისტემატიურად მონაწილეობას ღებულობენ აჭარის პირველობებზე ნიკა ხოზრევანიძე და იმედა შავაძე, რომელმაც საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის, მე-20 საუკუნის საუკეთესო მწვრთნელის გურამ ჭანტურიას იუბილესადმი მიძღვნილ სკოლის ღია პირველობაზე II ადგილი დაიკავა  12 წლამდე ასაკის ჭაბუკებს შორის.

რეგიონი გამოაცოცხლა და სტიმული შემატა ხიხაძირში 1 ოქტომბერს აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ინიციატივით გამართულმა ღია პირველობამ, რომელშიც 15-მა სოფელმა მიიღო მონაწილეობა (40 მონაწილე) , გამარჯვებულ ბავშვებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები. მსგავსი ტურნირები აჭარის ყველა კუთხეშია დაგეგმილი.  დიდაჭარაში 22-24 ოქტომბერს გაიმართება. სასიხარულოა ის ფაქტი რომ ამ წამოწყებას გამოხმაურება დაუყოვნებლივ მოყვა და საჭადრაკო სკოლა "ნონა"-ს უკვე მიმართა სწავლის სურვილით მეზობელი სოფლებიდან მომავალმა მოჭადრაკეებმა.

ბატონი შუქრი სკოლაში ყოველდღე მუშაობს და გვპირდება რომ აღმოაჩენს კიდევ მრავალ ნიჭიერ და იმედისმომცემ ბავშვებს, რომლებსაც გზას დაულოცავს დიდი საჭადრაკო მწვერვალებისაკენ!

                                                                                                             

 

 

მასალა მოგვაწოდა შუქრი შავაძემ

                                                                                                              ავტორი: მარიკა ჯაფარიძე